საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტი: ვენეციის კომისიამ გაიზიარა ჩვენი პოზიციები და შენიშვნები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიიღეს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ლევან ბოძაშვილმა თქვა, ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეფასებები და წინადადებები გაიზიარა.

ბოძაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა "ის საკითხები, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა დადებითი მოსაზრებები, კონკრეტულად ეს ეხება, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობას, სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში, ასევე სხვა საკითხები, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული წარმოების შემოღება საქმისწარმოების საკითხებში და ისეთი საკითხები, რომელიც ეხება მოსამართლეთა განწესების საკითხებს. კონკრეტულად, ეს ეხება, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობას სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში, ასევე სხვა საკითხები, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული წარმოების შემოღება, საქმისწარმოების საკითხებში, არის ისეთი საკითხები, რომელიც ეხება მოსამართლეთა განწესების საკითხებს".

ადმინისტრაციის განცხადებით, ის საკითხები, რომელზეც პრეზიდენტს თავიდანვე ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება, კომისიამაც კრიტიკულად შეაფასა.

"ეს ეხება რამდენიმე პრინციპულ საკითხს, პირველ რიგში, ეს გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა, როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ისე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. ამ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნა და მიაჩნია, რომ უნდა ამოღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან. ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ვენეციის კომისიას პლენუმის მიერ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით, კომისიის დასკვნის მიხედვით, ეს უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე არის 6 მოსამართლე. ასევე კრიტიკული მოსაზრებები დაიმსახურა იმ ნორმამ, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად", - ითქვა ბრიფინგზე.

ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას.

კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 14 მაისს მიიღო. განხილვა ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. ენმ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ "სადამსჯელო ღონისძიება" გაატარა, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული, იმ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, მათ შორის თბილისის ყოფილი მერისა და რუსთავი 2-ის საქმეებზე. მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს უკავშირებდნენ NGO-ებიც. პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გააძლიერებდა.

კომენტარები