საკონსტიტუციო: იუსტიციის მინისტრი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობაში ადანაშანულებს. საკონსტიტუციო სასამართლო ასე ეხმაურება თეა წულუკიანის განცხადებას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

„აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი ოცწლიანი ისტორიის მანძილზე, სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა ერთხელ შეიცვალა, რამდენიმე შემთხვევაში კი - ცალკეული მოსამართლეები.

„აქედან მხოლოდ სამ შემთხვევაში (2006, 2011 და 2014 წლებში) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესრულებინათ მიმდინარე საქმეები. აღნიშნული ვადა არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა 3 თვეს. ამასთანავე, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საქმის განხილვას, მოსამართლე უფლებამოსილია დაასრულოს მუშაობა მხოლოდ მიმდინარე საქმეზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც, საჭიროებს მყისიერ შეცვლას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ნორმას არასდროს გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოს ან ახლად არჩეული მოსამართლის საქმიანობის შეფერხება", - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

კომენტარები