მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ყრილობა გამართა

facebook.com/paata.burchuladze.9

მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის პირველი ყრილობა გამართა

სპორტის ახალ სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გუნდი მოდის არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაში და „ეს გარდაუვალია".

„ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები, უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები" - თქვა ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას.

პაატა ბურჭულაძემ გამოსვლაში მოძრაობის დაპირებებსა და გეგმებზეც ისაუბრა:

„ჩვენ გვაქვს გეგმა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამოდენიმე გიგანტურ პროექტს. დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მცირე ბიზნეს პროექტებზე. მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ქონდეს მეწარმეობას. გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს, როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი. ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? სახელმწიფომ. ამიტომაც გვინდა სახელმწიფო ხალხისთვის." - თქვა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, მეტი აქცენტი გაკეთდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის „უპრეცედენტო მხარდაჭერა", მეტი საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება განათლებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა მიზნობრივ სეგმენტზე - კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. ბურჭულაძისვე თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული გრძელვადიან განვითარებაზე.

პაატა ბურჭულაძე მხარდაჭერებს ასევე დაპირდა სასამართლო სისტემაში „მურუსუძის სინდრომის გაქრობას", შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების რეალურ რეფორმას, ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზირებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების განმტკიცებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერების უზრუნველყოფას, სამოქალაქო საზოგადოების ხელისუფლების პარტნიორად ქცევას.

პაატა ბურჭულაძემ დღესვე საზოგადოებას მოძრაობის წევრები წარუდგინა. მათ შორის არიან ფილოლოგი ქეთი ნიჟარაძე, პროფესორი ალექსანდრე ბაკურაძე, პოლიტოლოგი ტარიელ ჭულუხაძე, ეკონომისტი გოჩა ჭელიძე, ასევე ბექა ჟვანია, გიგა ვარდენაძე, გოჩა ჭელიძე, გიგა ფარტენაძე, კობა ჩიხლაძე, არტემ ჰარბანცუმიანი, ორხან პირვირდიევი, ირმა დაუშვილი, ირაკლი ყიფიანი, გიორგი პაპავა, ზაზა მეფარიშვილი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, გიორგი პაპელიშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლაშა დვალიშვილი, ლადო კახაძე, მერაბ მეტრეველი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები