სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვია

ანდრეი კისკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვია. ანდრეი კისკას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

"სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის",-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

კომენტარები