საარჩევნო კოდექსი

კომიტეტებმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. პროექტის განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს გაიმართა. თვითმმართველობის კომიტეტიდან კანონპროექტს 1 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ხოლო ერთმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან კი, კანონპროექტს ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 7 - წინააღმდეგ წავიდა.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ფრაქცია რესპუბლიკელების მიერ არის ინიცირებული, გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.

კანონპროექტი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა, აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციული სისტემის შედეგად. ანუ პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.

რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულ პროექტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.

კომენტარები