ნარკოპოლიტიკა

არ დაიჭირო! - 2 ივნისს კანცელარიასთან დეკრიმინალიზაციას კიდევ ერთხელ მოითხოვენ

2 ივნისს, 18:00 საათზე თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია - არ დაიჭირო! გაიმართება. დედაქალაქის გარდა, არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ ბათუმში - ერას მოედანზე, ქუთაისში - პარლამენტთან და რუსთავში - მერიასთან.

მოძრაობა 2 ივნისი დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციას უკვე მეოთხე წელია, მართავს. აქციის შესახებ დღეს მოძრაობის წარმომადგენლებმა, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა ექიმმა-ნარკოლოგებმა დავით ოთიაშვილმა და ზურა სიხარულიძემ და წლევანდელ ევროვიზიაზე მონაწილე მუსიკოსმა ნიკა კოჩაროვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

აქციის მოთხოვნებია:

"• ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;

• ნარკოტიკების მოხმარებისთვის და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების პროცესის ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გარდა);

• ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირებების სამარცხვინო, მოქალაქეთა ღირსების შემლახავი პრაქტიკის შეწყვეტა;

• პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით კანაფის კულტივირებისთვის სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება;

• სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის კანაფის და კანაფისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენების დაშვება", - აცხადებენ ორგანიზატორები.

თბილისში აქციას შეუერთდებიან მუსიკოსები - Kung Fu Junkie, ერეკლე დეისაძე, Me and My Monkey, რობი კუხიანიძე და აუტსაიდერი, Young Georgian Lolitaz, ჯგუფი არა, გამოუვალი მდგომარეობა, ქეთათო, მაქსიმე მაჩაიძე, Sf-x, მიშო ურუშაძე და ამიკო, Nikakoi & TBA, Ras Green და კოტე ყუბანეიშვილი.

აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები - 2 ივნისის მოძრაობა, LTFR, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია, European Students for Liberty, ფორმულა კრეატივი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, ჩვენი ინიციატივა, Students for Sensible Drug Policy, ალტერვიჟენი, კლინიკა ნეოგენი, Legalizuj, დიდი გალერი, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ფოთოლი, არტისტერიუმი, მზესუმზირა და Treebal.

2013 წლის 2 ივნისის აქცია: http://bit.ly/1D3u25M
2014 წლის 2 ივნისის აქცია: http://bit.ly/1bcIFNT
2015 წლის 2 ივნისის აქცია: https://goo.gl/wO0HQB

კომენტარები