პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. განცხადება პრეზიდენტმა რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტები, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენი დამოკიდებულება ამ კანონპროექტებთან მიმართებით დავაფიქსირეთ როგორც კანონების განხილვის პროცესში, ასევე იმის მერე, რაც კანონები გადმოგვეგზავნა ხელმოსაწერად. ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას - რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო. ეს კითხვები განხილულ იქნა როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ასევე ვენეციის კომისიასთან. მინდა, მადლობა ვუთხრა ვენეციის კომისიას, რომ უსწრაფესად, 1 კვირის ვადაში მოხერხდა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და მისთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში გამომდინარე პრემიერმინისტრის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, მოვახერხეთ და მუშაობა განვახორციელეთ როგორც გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან.

ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშნები, რომლებიც აქამდე გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ეს ეხებოდა სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.

ბატონ პრემიერმინისტრთან თანამშრომლობის შედეგად, მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული, პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ვადა 3 ივნისს ეწურებოდა. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომლის წინასწარი დასკვნაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა

კომენტარები