აქციები საფრანგეთში

საფრანგეთში საპროტესტო აქციებს მორიგი პროფკავშირები უერთდებიან

AP

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. გაფიცვას დღეს რკინიგზის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. დემონსტრანტები შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ და მათ გაუქმებას მოითხოვენ.

ხუთშაბათს აქციებისთვის შეერთებას გეგმავენ პარიზის მეტროს თანამშრომლებიც, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზებას გამოიწვევს. დემონსტრანტებს შეუერთდებიან ავიაკომპანია Air France-ის თანამშრომლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რეფორმის სისწორეში დარწმუნებულია და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. პრემიერი მანუელ ვალსი კი თვლის, რომ რეფორმის გარკვეული პუნქტები გადახედვას ექვემდებარება.

საფრანგეთის დედაქალაქში კვირის ბოლომდე აქციებს სხვადასხვა პროფკავშირიც შეუერთდება, რაც, სავარაუდოდ, სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, რეფორმის ძირითადი პუნქტები დამსაქმებელი კომპანიისთვის ძალაუფლების ზრდას უწყობს ხელს. მათ შორისაა - სამსახურში თანამშრომელთა მიღება-გაშვების პროცესის გამარტივება, სამუშაო საათებისა და ხელფასების ზრდა-შემცირება, ჩვეულებრივი და სადეკრეტო შვებულების რეგულირება და ა.შ.

კომენტარები