სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: ნაპოვნია ჯოხები, რომლითაც სავარაუდოდ სანიტრები პაციენტებს ცემდნენ

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველმა საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი 2015 წლის 9 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. 

ანგარიშში წერია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტების მიმდინარეობისას მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, არასათანადო მოპყრობად შეიძლება შეფასდეს პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდების და ინექციის სხვა პაციენტთა თანდასწრებით გამოყენება, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია

"ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია პაციენტების მიმართ
ძალადობის ფაქტებზე. კერძოდ, 8 პაციენტმა მიუთითა, რომ მათზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ექთნის თანაშემწეების (სანიტრების) მხრიდან. ამასთან, პაციენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადგილი აქვს პაციენტებს შორის. გამოკითხული პაციენტები განმარტავენ, რომ სანიტრების მხრიდან ძალადობა გამოიხატა ხელებით და ჯოხებით ცემაში. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული პაციენტებიდან
სამს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, კერძოდ, სილურჯეები და სისხლჩაქცევები ზედა კიდურების და თვალბუდის არეში. საგულისხმოა,
რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები არ იყო დაფიქსირებული პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციაში. ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ქალთა განყოფილების ერთსართულიან კორპუსში, ექთნების ოთახში, კარადასა და კედელს შორის აღმოაჩინეს პაციენტების მიერ ნახსენები ჯოხები, რომლითაც სავარაუდოდ პაციენტებს ცემდნენ" - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ა.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებობს პაციენტების მიმართ სისტემატიური ძალადობის მაღალი რისკი.

"შემოწმებამ გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არსებობს პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება" - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2015 წლის 25 დეკემბერის წერილით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ 2015 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N038311015001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების პროცესში დათვალიერდა შემთხვევეის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა და კაცთა განყოფილებაში მომუშავე პერსონალი. საავადმყოფოში მოთავსებულ 53 ქალის და 43 მამაკაცის ჯანმრთელობის ხარისხის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 4 თებერვლის წერილით სახალხო დამცველს დამატებით ეცნობა, რომ გამოძიების პროცესში არ დაკითხულან საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ ეტაპისთვის საქმეზე კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება" - წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტება პაციენტთა არდაკითხვის თაობაზე დასაბუთებული არ არის და ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტურობას. მათი აზრით, წერილში იკვეთება ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება, თითქოს მათ არ შეეძლოთ საგამოძიებო ორგანოსათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები