აქციზის გადასახადი

ლუდის აქციზის მოდერნიზაციით, ბაზარზე ლუდის ნაწილი გაიაფდება

0 კომენტარი
ფოტო: Lakelandbeerfest

ლუდზე აქციზი 2015 წლის 1 მარტს გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ლუდის ბაზრის მოცულობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა. 50%-იანი გაძვირების შედეგად, ყოველ ლიტრ ლუდზე 60-თეთრიანი გადასახადი დაწესდა. დღეისთვის ფინანსთა სამინისტრო ლუდის მწარმოებლებთან, ბიზნესომბუდსმენთან და ბიზნესასოციაციებთან ერთად სწავლობს აქციზის დათვლის ახალ მეთოდოლოგიას, რომლის შედეგადაც სტანდარტულ ლუდზე აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს, არასტანდარტულ ლუდზე კი გაძვირდეს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჯერჯერობით მხოლოდ აქციზის დათვლის სავარაუდო მოდელზე საუბრობს და ამბობს, რომ აქციზის მიბმა არა ლუდის მოცულობაზე, არამედ მასში ალკოჰოლის შემცველობასა და მის სიმკვრივეზე მოხდება. ფინანსთა მინისტრი აქციზის შეცვლის თარიღს არ ასახელებს. 

"ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად ლუდის აქციზის მოდერნიზებაზე, რაც დამოკიდებული იქნება იმ პარამეტრებზე, როგორიცაა ალკოჰოლის შემცველობა და წარმოებული პროდუქტის სიმკვრივე. წინასწარ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ნატახტრის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ მწარმოებლები ამ ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა ისინი უკმაყოფილონი არიან პროცესის ხანგრძლივობით და ფიქრობენ, რომ სამინისტრო აქციზის მოდერნიზაციის პროცესს გაუგებარი მიზეზების გამო აჭიანურებს.

"ჩვენ საუკეთესო მოდელი მოვძებნეთ, ეს არის თავად ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა, რომ მოხდეს აქციზის სტრუქტურის მოდერნიზება და ამ ჭრილში განგვესაზღვრა ერთ გრადუსზე დაახლოებით 10 თეთრი, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შედეგად სტანდარტულ ლუდზე მომხდარიყო აქციზის შემცირება, არასტანდარტულზე კი - გაძვირება. ეს მოგვცემს ჩვენ საშუალებას, ჩვენ პრაქტიკულად ხელიც კი ჩამოვართვით ერთმანეთს და ვთქვით, რომ ეს მოდელი უფრო მისაღებია, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ეს პროცესი დროში იწელება", - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

საქართველოში ლუდის ბაზრის მოცულობა 2006-2014 წლებში 45%-ით გაიზარდა. ბაზარი ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2010 წელი იყო (2010 წელს ლუდზე აქციზმა მოიმატა და 20 თეთრის ნაცვლად, 40 თეთრი გახდა). 2011-2014 წლებში ლუდის მოხმარება წელიწადში 100-105 მლნ ლიტრს შორის მერყეობდა. 2015 წელს კი, აქციზის გაძვირების შემდეგ, ბაზარი 15%-ით შემცირდა.

საქართველოს მთავრობას კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გამო არ შეუძლია გადასახადების გაზრდა, თუმცა კონსტიტუცია გამონაკლისად აქციზის გადასახადს აწესებს, რომლის ზრდაზეც შეზღუდვები არ არსებობს, ამიტომაც მთავრობა მას საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის ხშირად იყენებს.

აქციზის გადასახადს სახელმწიფოები ძირითადად უარყოფითი გარეგანი ეფექტების მქონე პროდუქტებზე იღებენ, როგორიცაა: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და სხვა. ამ გადასახადის მიზანს სწორედ მსგავსი პროდუქციის გაყიდვების შემცირება წარმოადგენს, რადგანაც მიჩნეულია, რომ თამბაქო და ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მათზე აქციზის ზრდით კი მოსახლეობას ამ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა უმცირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები