საარჩევნო კოდექსი

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საარჩევნო კოდექსში რესპუბლიკელების მიერ შეთავაზებული ცვლილებები, ე.წ გერმანული მოდელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც ჩააგდო. განხილვაზე რესპუბლიკელებსა და უმრავლესობის დეპუტატ გიგა ბუკიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ცნობილია, რომ რესპუბლიკელების პროექტს მხარს დაუჭერს ოპოზიცია, ასევე უმრავლესობიდან გასული ეროვნული ფორუმი.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. გერმანულმა მოდელმა კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, კვირის ბოლოს საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მაინც გავა. ცვლილებების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ე.წ. გერმანული მოდელი ხმათა განაწილების წესის ცვლილებას გულისხმობს. ამ სისტემის დანერგვის შემთხვევაში, მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდება, თუმცა შეიცვლება მათი არჩევის წესი. მოქმედი სისტემის მიხედვით, მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები. თუკი მაგალითად რომელიმე პარტიამ მიიღო ხმათა 55% და ამავდროულად გაიმარჯვა ყველა მაჟორიტარულ ოლქში, მას პარლამენტში გაჰყავს არა 150 დეპუტატის 55% ანუ 82 დეპუტატი, არამედ ამაზე 34 დეპუტატით მეტი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციაში ცვლილებას არ საჭიროებს.

კომენტარები