კორცხელის ინციდენტი

პრეზიდენტი კორცხელზე: მრჩება ეჭვი, მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო დაჯგუფებაა

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კორცხელის ინციდენტზე სამართალდამცველი ორგანოების რეაგირებით უკმაყოფილოა. ის თვლის, რომ შესაბამის სტრუქტურებს სამაგალითო რეაქცია უნდა ჰქონოდათ. პრეზიდენტი ასევე მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო დაჯგუფების არსებობაზე საუბრობს. ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია აჭარას მისცა.

"კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული ხმაური იყო ბუნებრივი. კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც მე მესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, ეს უკვე დამაფიქრებელია. კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და როგორც ქვეყანას, რომელიც აშენებს დემოკრატიას. ამ რეპეტიციის მიმართ სამაგალითო პოზიცია და რეაქცია უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ხმაური როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსებების მხრიდან, არის სრულიად ბუნებრივი, მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცველებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი. ამ მოვლენებს რომ ვუყურებ, მრჩება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს.

ეს თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა ნაციონალური მოძრაობისგან როგორც ”ზონდერული” პოლიტიკა, ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ზუსტად ოთხი წლის წინ, ასე უყურებს პოლიტიკას და პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. მათ ნაციონალების მიერ შექმნილი რაღაცა ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა ეს რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას. ძალიან ნათლად ქართულმა საზოგადოებამ ნაციონალურ მოძრაობა სწორედ ამ ძალადობის გამო უთხრა უარი და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იმავე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება", - ამბობს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ამ "მოძველბიჭო ჯგუფს" სახელმწიფოსგან პრინციპული პასუხი უნდა გაეცეს.

"პირველ რიგში, არჩევნები ეკუთვნის საზოგადოებას და მერე პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი - ამომრჩევლების ღონისძიება და მერე პოლიტიკოსების. ყველამ იცოდეს, რომ ამ მოძველბიჭო ჯგუფს, რომელიც რაღაცას გეგმავს, სახელმწიფოსგან პრინციპული პასუხი უნდა გაეცეს და ბუნებრივია, მე ვიქნები ჩართული ამ პროცესებზე ზედამხედველობის და გააზრების თვალსაზრისით",- თქვა პრეზიდენტმა.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება შსს-მ ცემის მუხლით დაიწყო. ინციდენტში მონაწილე პირების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიება საქმეზე არაეფექტურად მიმდინარეობს.

კომენტარები