განათლების სამინისტრო

ენმ: დირექტორებს ქართული ოცნების აგიტაციის ნება დართეს, სხვა პარტიების - არა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებმა გაფრთხილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლებს მხოლოდ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება აქვთ.

"საშემოდგომო არჩევნებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე მასწავლებელს უნდა, რომ მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო სამთავრობო აგიტაციაში, ხელი არ შეუშალოთ. არასაგაკვეთილო დროს, მასწავლებელს უფლება აქვს, იყოს აგიტატორი სამთავრობო ხაზით, სხვა პარტიებზე არც გაიფიქრონ, უმკაცრესად მივხედავ" - ნათქვამია წერილში, რომლის ავტორიც, ენმ-ის ინფორმაციით, ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთი ჭიპაშვილია.

განათლების სამინისტროში კი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. ტაბულას პრესსამსახურში უთხრეს, რომ "მსგავსი წერილი ჩვენგან არ გაგზავნილა. ეს არ არის იმ წერილის ასლი, რომელიც რესურსცენტრიდან დირექტორებამდე გაიგზავნა".

 

კომენტარები