რუსთავი 2-ის საქმე

გუჯაბიძე: თაღლითად რომ დავკვალიფიცირდე, განაჩენი უნდა არსებობდეს

რუსთავი 2

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის საქმის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, თაღლითად რომ ჩაითვალოს, გამოძიება უნდა იყოს დაწყებული, რაც ასე არ არის. გუჯაბიძისვე განმარტებით, მის წინააღმდეგ არც სამართლებრივი და არც დისციპლინარული დევნა იუსტიციის საბჭოში არ დაწყებულა.

"იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს", - ამბობს გუჯაბიძე.

გუჯაბიძის თქმით, ის ვერანაირ ფაქტებს ვერ გაასაჯაროებს, რადგან ასეთი არ არსებობს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდებები ცრუ და მძიმეა, მასზე გავლენას ვერ მოახდენს და ობიექტური იქნება გადაწყვეტილების მიღებისას.

დღევანდელ პროცესზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სხდომათა დარბაზში დაშვებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არ დაუშვა. მათი თქმით, გვარამიას წინასწარ უნდა მიემართა სასამართლოსთვის თხოვნით.

დღევანდელ პროცესზე არც ნათია გუჯაბიძემ აიცილა თავი. ნიკა გვარამიას სხდომაზე არდაშვებისა და გუჯაბიძის მიერ აცილებაზე უარის თქმის შემდეგ მოსამართლეებსა და დამსწრეებს შორის კამათი დაიწყო. კოლეგიამ სასამართლოს დარბაზიდან მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი გააძევა. დამსწრეთა ნაწილმა კი მასთან ერთად დატოვა სხდომა.

ამ საკითხებზე კამათის გამო ჯარიმები დაეკისრათ რუსთავი 2-ის მხარის ადვოკატებს თამთა მურადაშვილს, დიმიტრი ძაგნიძესა და დიმიტრი საძაგლიშვილს.

სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ტელეკომპანიის მხარდამჭერები.


ფოტო: ტაბულა

კომენტარები