ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში

სამხედროების საქმეზე ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაში მიდის

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრება და საგამოძიებო საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. მანამდე კი ჯგუფის წევრებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო საკითხების დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა. ჯგუფის წევრები ასევე დაუკავშირდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს წარმომადგენლებს და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ადგილზე დაგეგმილი საგამოძიებო საქმიანობის გარდა, უსაფრთხოების, ლოგისტიკური უზრუნველყოფის და სხვა საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შეხვედრების ორგანიზებაც სთხოვა.

„ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ჩვენ ვითხოვთ სრულ კოოპერაციას, სრულ თანამშრომლობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოებისგან. იმ მასალებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია. ერთი კვირის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება. პარალელურად, მივემგზავრები ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ყველა იმ პირთან გავმართავ შეხვედრებს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. უკვე მათგან მოვითხოვთ პასუხებს, რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა ამ ბრალდებების წაყენება. მცდარია, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც არ გაქვს მტკიცებულება, არ შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რამის წარმოდგენა და შენ თავს აძლევ უფლებას ასეთი ტიპის განცხადებები აკეთო კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. არ არსებობს კოლექტიური ბრალი, ვიღაც ადამიანმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან - არა. ამიტომ, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია - ერთი მხრივ, გუნდი ცენტრალურ აფრიკაში შეეცდება ყველა ინფორმაცია წამოიღოს, რაც კი ადგილზე არსებობს. მე უკვე გაეროში შევეცდები მივიღო მათგან პასუხები იმისათვის, რომ ეს თემა ძალიან მალე დავასრულოთ და ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა დავამტკიცოთ,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში 29 იანვარს გამოქვეყნა. საუბარი იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

კომენტარები