ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ტაბულას ინტერვიუს ცალკე არ მისცემს, ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება

telegraph.co.uk/

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია ტაბულასთან ცალკე შეხვედრასა და მისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარს ამბობს. ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის გიორგი უძილაურის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. 

"მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე - შემდგარიყო მისი შეხვედრა რუსთავი 2-თან და ტაბულასთან და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა. ტაბულამ გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ ტაბულა და ივანიშვილი. ამის შემდეგ, ტაბულას მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყვეს, რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი, ტაბულა მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს. მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილ იქნა. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა. არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი", - წერს უძილაური.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას და რუსთავი 2-ის ერთობლივი ინტერვიუ ოთხშაბათს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე (სასტუმრო) შესთავაზა. მისი პირობების თანახმად, შეხვედრას მოდერატორი წაიყვანდა, თითო ტელეკომპანიიდან კი, 2-3 ჟურნალისტი იქნებოდა. შეხვედრის პირველ ნაწილში ბიძინა ივანიშვილი თავისი ღია წერილის განხილვას ითხოვდა, მეორე ნაწილში, "მასზე გაჟღერებულ სიცრუეზე" რეპლიკებს, ხოლო მესამეში - დამატებით კითხვებზე პასუხის მზადყოფნას გამოთქვამდა. რუსთავი 2-მა ამ პირობებზე უარი თქვა და ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ გადაცემა არჩევანის სტუდია შესთავაზა. ტაბულა კი, ყოფილი პრემიერმინისტრის შეთავაზებას და მისთვის ახალი ფორმატის შექმნას დათანხმდა. ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა შეხვედრაში სხვა ტელევიზიების ჩართულობა მოითხოვა. ტაბულას დირექტორის პასუხით, "თუ ბატონ ბიძინას პრესკონფერენციის ჩატარება სურს - ამაზე ჩემი თანხმობა არ არის საჭირო. გამართოს და რეპორტიორი წავა, როგორც ყოველთვის. თუ ინტერვიუ უნდა - დამიჯდეს, სადაც უნდა, როგორც უნდა, ვისთან ერთადაც უნდა, როცა უნდა და დამელაპარაკოს".

კომენტარები