საარჩევნო სისტემა

გერმანული მოდელის პროექტი ამ კვირაში პარლამენტის დღის წესრიგში აღარ იქნება

ტაბულა

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი მიმდინარე კვირაში პარლამენტის დღის წესრიგში აღარ იქნება. ამის შესახებ ინიციატივის ავტორი ფრაქციის, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადა, გერმანული მოდელის მისაღებად საკმარისი ხმები ვერ შეგროვდება.

"ეს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, ვინაიდან აზრი არ აქვს. თუ ვინმეს უნდა, რომ დრო გავფლანგოთ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ არ აინტერესებთ და რაც იქნება, ის იქნება. ყველამ თავის თავს დააბრალოს, რაც მოხდება. ვიღაცა აიღებს 20%-ს და 80%-იანი უპირატესობით გავა, თუ ვინმეს რაიმე არ მოეწონება, ჩვენ შევახსენებთ, რომ ვთავაზობდით გერმანულ მოდელს, მაგრამ არ მოუნდათ. ზოგს შიდა პრობლემა აქვს, ზოგი ბოიკოტს აცხადებს და ამიტომ. ჩვენ ამ საკითხს ახლა აღარ დავაყენებთ, იმიტომ, რომ ნაციონალები მაინც არ დადიან პარლამენტში და ხმები საკმარისი არ არის", - თქვა ბერძენიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი კორცხელის ინციდენტის სრულყოფილი გამოუძიებლობის გამო ბოიკოტის მიუხედავად, მზადაა, გერმანული მოდელის განხილვასა და კენჭისყრაში მოანაწილეობა მიიღოს. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა მნიშვნელოვანია.

კომენტარები