დაიცავი თავისუფლება

ჩიტიძე: დაიცავი თავისუფლებისთვის კონცერტის ჩატარებაზე უარი უკანონოა

tabula.ge

იურისტი გიორგი ჩიტიძე ახალციხის მერიის უარს, დაიცავი თავისუფლების ორგანიზებით ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის ჩატარებაზე, კანონთან შეუსაბამოს უწოდებს. პლატფორმა კონცერტის გამართვას მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ხვალ გეგმავს და გზის გადაკეტვას არ აპირებს. კონცერტის ჩატარების შესახებ ახალციხის მერია პლატფორმამ გააფრთხილა. მერიის განცხადებით, უწყებისთვის "დაიცავი თავისუფლებას" 5 დღით ადრე უნდა მიემართა.

"გაფრთხილება ნიშნავს, რომ, უბრალოდ, წინასწარ საქმის კურსში ჩააყენო, თუ დავუშვათ გზა იკეტება, ან მოძრაობას ექმნება საფრთხე, რათა მიიღონ ალტერნატიული ზომები. თუ 5 დღით ადრე არ გააფრთხილე, არ ნიშნავს, რომ აქცია ვერ ჩატარდება. აქცია ჩატარდება, ქუჩასაც დაიკავებენ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება რაოდენობიდან გამომდინარე. მაგრამ თუ ქუჩაც არ იკეტება, მით უმეტეს, არანაირი პრობლემა არაა. ეს არ არის ნებართვა, ეს არის გაფრთხილება, შეტყობინება, რომ სხვა ადამიანები არ დაზარალდნენ, იცოდნენ, რომ ამა და ამ ადგილას იმართება ღონისძიება და შეიძლება, შეზღუდვები იყოს გადაადგილებასთან დაკავშირებით",- ამბობს ჩიტიძე ტაბულასთან საუბარში.

როგორც ახალციხის მერია წერილში აღნიშნავს, თუ თეატრთან ხვალ კონცერტი მაინც ჩატარდება, ეს უკანონო ქმედებად ჩაითვლება, რასაც იურისტი გიორგი ჩიტიძე გამორიცხავს.

"შეკრება არანაირად არ იქნება უკანონობა, მით უმეტეს ვერ იქნება დაშლის საფუძველი. იმ შემთხვევაშიც კი, ქუჩა რომ იკეტებოდეს. საქმე გვაქვს კანონის არასწორ განმარტებასთან. ალბათ, შესაბამისმა თანამშრომელმა არ იცის, რა სტანდარტია კანონში. აქედან გამომდინარე, ეს წერილი არის, ფაქტობრივად, კანონთან შეუსაბამო. მოთხოვნა, რომ დაიშალეთ იმიტომ, რომ 5 დღით ადრე ჩვენ არ ვიცოდით, არის უკანონო",-  ამბობს ჩიტიძე.

ჩიტიძის თქმით, გაფრთხილებაში სხვა მოთხოვნებიც არის ხოლმე, "მაგალითად, სვლა-გეზის შესახებ - ანუ საიდან სად მოძრაობ. ესეც იმას უკავშირდება, რომ ქუჩა იკეტება და მოძრაობას ექმნება საფრთხე. ხვალაც რომ გაჩნდეს რაოდენობიდან გამომდინარე, ეს დაშლის საფუძველი ვერ იქნება",- თქვა ჩიტიძემ.

ჩიტიძის მოსაზრებით, აქცია სპონტანური იქნება და არც ამის დაშლის უფლება ექნებათ.

კომენტარები