დაიცავი თავისუფლება

თამარაშვილი: რასაკვირველია, ვიცოდი კონცერტის მიზანი, მაგრამ ოფიციალურად - არა

ტაბულა

ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის მიზნები "ზოგადად" იცოდა, მაგრამ განცხადებაში ოფიციალურად არ იყო მითითებული. ტაბულას კითხვაზე, თუ მერიამ იცოდა, რა მიზანს ემსახურებოდა პლატფორმის დაიცავი თავისუფლება ორგანიზებული კონცერტი, ბოლო განცხადებაში რატომ დაწერა ტყუილი, თამარაშვილი პასუხობს, რომ "ოფიციალურად არ ვიცოდით, მაგრამ ზოგადად ვიცოდით".

კითხვაზე, "რატომ დაწერეთ ტყუილი?", მერის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, რომ "ეს არ იყო ტყუილი".

"ოფიციალურად, როცა მერიის გვერდზე იწერება გარკვეული რაღაცა საკითხი, საუბარია იმაზე - ოფიციალურად რა ვიცოდით და რა არ ვიცოდით. მერიის რომელიღაცა წევრმა რა იცოდა და რა ინფორმაცია ჰქონდა ან არ ჰქონდა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?" - კითხულობს თამარაშვილი და აღნიშნავს, რომ თავად, "რასაკვირველია, ვიცოდი კონცერტის მიზანი".

ტაბულას კითხვაზე, "მერიის მხრიდან პროვოკაციებზე საუბარი ხომ არ გაამწვავებს მდგომარეობას და ხომ არ უნდა ველოდოთ მართლა რამე პროვოკაციებს?", ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, რომ მათი წერილი პრევენციული ხასიათის იყო.

"ჩვენი წერილი ემსახურებოდა იმას, რომ გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა იმისა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ყოფილიყო, ნორმალურად ჩატარებულიყო. ეს განცხადებაც ემსახურება იმას, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩატარდეს. ის, რომ ჩვენ წერილს გარკვეული შედეგი ჰქონდა, ჩანს იქიდანაც, რომ კონცერტის ორგანიზატორები და თეატრის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ. ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ამდენად, ჩვენს ამ გაფრთხილებას და მოწოდებას რომ ყველაფერი ნორმალურად ჩატარებულიყო, თავისი შედეგი ჰქონდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, რომ თავის დროზე გავაკეთეთ გარკვეული რეაქცია. არასწორია ინფორმაცია, რომ ჩვენ ვინმეს მივწერეთ აკრძალვის წერილი. ჯერ ერთი, ამის უფლებაც არ გვქონდა და შინაარსში წერია ის, რომ კანონის გარკვეული მოთხოვნები უნდა იყოს დაცული და იქ წერია ის, რომ თეატრში ტარდება სპექტაკლი და ესეც - "გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ" - ამბობს თამარაშვილი.

ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მათი წერილის და მოსაზრებების "ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია" გაკეთდა. ამიტომაც, თამარაშვილის თქმით, "ეს გვიქმნის გარკვეულ ეჭვებს, რომ შესაძლებელია, ვინმე დაინტერესებული იყოს პროვოკაციით". კითხვაზე, "ვინ შეიძლება, იყოს", ის პასუხობს, რომ "არ ვიცი, ვინმე".

"ჩვენ რომ არ ვართ დაინტერესებული, ამას პირდაპირ გიცხადებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ ჩვენს ქალაქში იყოს სიმშვიდე, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდეს მშვიდად, კანონის ფარგლებში და ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რა მიზნებითაც არის ჩაფიქრებული" - აცხადებს თამარაშვილი.

ცნობისთვის, ახალციხის მერიის მიერ დაიცავი თავისუფლებისთვის გუშინ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის გამართვა უკანონოდ ჩაითვლება. მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა ახალციხის მუნიციპალიტეტმა უარი შეკრების თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ კონცერტის ჩატარებას არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მთავარია, კონცერტის დროს, საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდეს. ზაზა თამარაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენ თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიყავით" და "ალბათ, ჩვენი წერილი არასწორად გაიგეთ". 

ამის შემდეგ, ახალციხის მერიამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც დაიცავი თავისუფლებას აფრთხილებს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან. ეს განცხადება პლატფორმამ შემაშფოთებლად შეაფასა და შსს-ს მოუწოდა, უზრუნველყოს კონცერტის მიმდინარეობისას მათი და მსმენელის უსაფრთხოება.

კომენტარები