განათლების სამინისტრო

ჯეჯელავა ინფორმაციას სკოლაში წამების კადრების ჩვენების შესახებ ადასტურებს

ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში წამების კადრების ჩვენების შესახებ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ჯეჯელავას თქმით, წამების ამსახველი კადრების ჩვენება განათლების სამინისტროსთან შეუთანხმებლად მოხდა.

"რაც უფრო მოახლოვდება ალბათ არჩევნების პერიოდი, მით უფრო გაიზრდება ცდუნება ადამიანების მიერ, რომ გამოიყენონ სასკოლო სისტემა რაღაც მიზნებისთვის. გულუბრყვილო შეცდომასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩათვალა სკოლის ხელმძღვანელობამ და ორგანიზატორებმა, რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. როგორც მამუკა ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.

კომენტარები