რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციომ რუსთავი 2-ზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

რუსთავი 2

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, 7 ივნისს დაასრულა.

დღეს სასამართლომ არ განიხილა რუსთავი 2-ის მხარის გუშინდელი შუამდგომლობა, რომელიც კვალიფიკაციის არქონის გამო მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას გულისხმობდა. მოსამართლე ნატა ნაზღაიძის თქმით, საქმის განხილვა უკვე დასრულებულია და სწორედ ამიტომ დარჩა შუამდგომლობა განუხილველი.

სასამართლო დარბაზში არ დაუშვეს რუსთავი 2-ის ადვოკატები.

"განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. დასაბუთებულ განჩინებას სასამართლო ჩაგაბარებთ",- გამოაცხადა ნატა ნაზღაიძემ პროცესზე.

კომენტარები