რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის ადვოკატი: 10 ივნისი არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე

ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა დღეს დაამტკიცეს, რომ მართულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ტელეარხის ადვოკატები სასამართლო დარბაზში არც დღეს დაუშვეს.

"მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, აღიარეს და ბეჭედი დაუსვეს, რომ ისინი არიან მართული. თავიდანვე იყო ყველა ნიშანი, როგორ წარიმართებოდა პროცესი. გამოიცვალა რამდენიმე კოლეგია. პირველად იყო ტელეკომპანია საქართველოს ყადაღის განხილვა, რომელზე პასუხიც ძალიან დიდხანს არ გვაღირსეს. შემდეგ რუსთავი 2-ის პროცესები ჩაინიშნა საოცარი სისწრაფით, ისე, რომ 11 პროცესი გადაიდო ერთ დღეს. შუამდგომლობები დატოვეს განუხილველი და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და რაზეც მივუთითებდით, იყო ნამდვილი და სწორი. 10 ივნისი არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე", - თქვა მურადაშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, 7 ივნისს დაასრულა.

დღეს სასამართლომ არ განიხილა რუსთავი 2-ის მხარის გუშინდელი შუამდგომლობა, რომელიც კვალიფიკაციის არქონის გამო მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას გულისხმობდა. მოსამართლე ნატა ნაზღაიძის თქმით, საქმის განხილვა უკვე დასრულებულია და სწორედ ამიტომ დარჩა შუამდგომლობა განუხილველი.

კომენტარები