რუსთავი 2-ის საქმე

მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, R2-ის პროცესი პირველი დღიდანვე პოლიტიზებული იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის პროცესი პირველივე დღიდან პოლიტიზებული იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის პოზიცია მიშველაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.

"პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ თემაზე ანალოგიური დამოკიდებულებაა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. თქვენ უკვე იცით, რომ პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრისუსელში ვიზიტის დროს მიმდინარე ყველა შეხვედრაზე რუსთავი ორის თემა იყო მაღალი ინტერესის საგანი პრეზიდენტის აზრით, ის რაც ხდება რუსთავი ორის გარშემო, ამძაფრებს კითხვებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე რუსთავი ორის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება როგოც საარჩევნო გარემოს, ისე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ეს პროცესი პირველი დღიდანვე იყო პოლიტიზებული, თუნდაც იმ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, გაითვალისწინოს ამ პროცესის შედეგები და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს მედიასთან დაკავშირებულ თემატიკას" - თქვა მიშველაძემ.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, 7 ივნისს დაასრულა.

კომენტარები