შეიარაღებული თავდასხმა

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიან შეიარაღებულ თავდასხმას FBI ISIS-ს უკავშირებს

ომარ ს. მატინი
abcnews

ომარ სედიკ მატინი არის დამნაშავე, რომელმაც ორლანდოს გეი კლუბში ცეცხლი გახსნა და 50 ადამიანი იმსხვერპლა. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმა იყო. FBI-ის ინფორმაციით, მატინის დანაშაული რადიკალური ისლამიზმით იყო მოტივირებული. თავდასხმამდე მატინმა 911-ზე დარეკა და ოპერატორთან საუბარში ISIS-ი და ბოსტონის მარათონზე განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორები ძმები ცარნაევები ახსენა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარს "ტერორისა და სიძულვილის გამოვლინება უწოდა", შტატის გუბერნატორმა კი ორლანდოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

29 წლის მატინი სავარაუდოდ ISIS-ის პროპაგანდის მიმდევარი იყო. CNN-ის ცნობით, გარკვეული პერიოდის წინ მისი სახელი FBI-ის ერთ-ერთ გამოძიებაში ფიგურირებდა, თუმცა მაშინ ამ გამოძიების პირდაპირი სამიზნე არ იყო და FBI მას უბრალოდ ISIS-ისადმი სოლიდარულად განწყობილ პირად განიხილავდა.

ომარ მატინი FBI-ის მიერ ტერორისტებთან დაახლოებულ პირად განიხილებოდა, ამის მიუხდავად ის ერთ-ერთ კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა. სწორედ კერძო დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიით შეიძინა მატინმა ის იარაღები, რომლითაც მან 50 ადამიანი მოკლა, 53 კი მძიმედ დაჭრა. 

მატინმა გეი კლუბ "პულსში" შეჭრის შემდეგ 30 მძევალი აიყვანა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიცია კლუბის აღებას სამი საათის მანძილზე ცდილობდა, საბოლოოდ კი კონტროლირებადი აფეთქებით მათ შენობაში შესვლა და თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

მატინის ოჯახში მის რელიგიურ შეხედულებებსა და მომხდარს შორის კავშირს გამორიცხავენ, მათი თქმით, ომარ მატინის ქმედება არა რელიგიას, არამედ LGBT თემის მიმართ მის დამოკიდებულებას უკავშირდებოდა.

თავდასხმას აშშ-ის მუსლიმური ჯგუფები გამოეხმაურნენ, მათი საერთო განცხადების მიხედვით, "მუსლიმური თემი იზიარებს მთელი ამერიკის ტკივილს და მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს".


ფოტო: EPA


ფოტო: Reuters

ორლანდო, შემთხვევის ადგილი
ფოტო: Reuters

კომენტარები