შეიარაღებული თავდასხმა

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის სამძიმრის წერილი აშშ-ის ელჩს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ქალაქ ორლანდოს ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აშშ-ის ელჩ იან კელის სამძიმრის წერილით მიმართავს.

"თქვენო აღმატებულებავ, ამ წერილით მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ქალაქ ორლანდოში დატრიალებული ტრადეგიის გამო. სიძულვილისა და ტერორის ეს აქტი, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს დაუცველობისა და მოწყვლადობის განცდას დღევანდელ მსოფლიოში.

მე მჯერა, რომ ამერიკელი ხალხი შეძლებს ღირსეულად იგლოვოს უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანების სიცოცხლე და იზრუნოს მომხდარით დამწუხრებული ადამიანების ნუგეშისცემაზე. ღმერთს ვავედრებთ ორლანდოს ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მათს ახლობლებს. მათთვის, ვინც უახლოესი ადამიანები დაკარგეს ამ ტრადეგიის შედეგად, სიცოცხლე ის აღარ იქნება, რაც აქამდე იყო.
ჩვენ ასევე ვლოცულობთ, რომ სისასტიკისა და სიძულვილის ამ აქტმა არ გამოიწვიოს ისლამოფობიური განწყობილებების გაღვივება ნამდვილი მუსლიმების მიმართ, რომლებიც ახლა რამადანის მარხვაში არიან და საყოველთაო მშვიდობას ავედრებენ უზენაესს. ის, ვისაც სიძულვილი ასულდგმულებს, ღმერთთან და რელიგიასთან ვერ იქნება ასოცირებული. ღმერთი სიყვარულია", - ნათქვამია მალხაზ სონღულაშვილის წერილში.

ფლორიდის ქალაქ ორლანდოს გეი კლუბში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს. BCC-ის ცნობით, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმაა. Reuters-ის ცნობით, FBI ტერორისტულ თავდასხმას სავარაუდოდ რადიკალურ ისლამს უკავშირებს. თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე ომარ ს. მატინი იყო. Fox News-ის ცნობით, 29 წლის მატინი თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობდა. 

კომენტარები