ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი მერაბიშვილის საქმეზე: ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის სარჩელი ევროსასამართლოში არის "ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი". წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილება მერაბიშვილის პატიმრობაზე არ იმოქმედებს.

"ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის რაიმე არაჩვეულებრივი, ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგში. ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი, ამიტომ მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა. ხვალ გამოდის გადაწყვეტილება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ბატონი ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, ახლა უკვე აღარ არიან წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად ბატონი ივანე მერაბიშვილის შემთხვევაში არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იმოქმედებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქმეზე ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ევროსასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს, ამ ინფორმაციას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ავრცელებს. საქმე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობის ეპიზოდს უკავშირდება.

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, მას გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვას, სხვისი ქონების მითვისებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა, 25 მაისს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტებების გაკეთების გარეშე არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ 2014 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერი დამნაშავედ ცნო ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებაში და მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მერაბიშვილის რამდენიმე სარჩელი უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე არ არის განხილული.

სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. 

სტრასბურგის სასამართლოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ვანო მერაბიშვილის საქმეში მოხვდა 2013 წლის 14 დეკემბერს ციხის საკნიდან მისი გაყვანის ეპიზოდიც. ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილს მაშინ კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა ამ ფაქტის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა და სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია.

კომენტარები