დიდი და წმინდა კრება 2016

კრეტის კრებაზე არც რუსეთის ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 18-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ საეკლესიო კრებაზე დასწრებაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილება ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს წმიდა სინოდის კრებაზე მიიღო.

საეკლესიო კრებაზე არწასვლის ერთ-ერთ მიზეზად სინოდი ასახელებს, რომ ითვალისწინებს საქართველოს, ანტიოქიის, სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიების გადაწყვეტილებას, არ წავიდნენ კრებაზე. რადგან, მათი თქმით, მსოფლიო საეკლესიო კრების რეგლამენტის მიხედვით, აუცილებელია, კრება ჩატარდეს ყველა ეკლესიის თანხმობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში კი, ეს თანხმობა არ არსებობს.

რუსეთის წმიდა სინოდის წევრების აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ სიტუაციაში არსებობს, არის ის, რომ ეკლესიები კიდევ უფრო მეტად მოემზადონ კრებისთვის და უახლოეს პერიოდში, ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის თანხმობით, თავიდან დაინიშნოს კრება.

კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 10 ივნისის საგანგებო სხდომაზე მიიღო. 2 კვირით ადრე, 26 მაისის წმიდა სინოდის სხდომაზე, საქართველოს ეკლესიამ დიდი და წმინდა კრების უკვე შეთანხმებულ და მის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტებში შესწორება მოითხოვა, თუმცა, კრებაზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და დელეგაციის შემადგენლობაც განსაზღვრა.

მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში კრებაზე არწასვლის დღის წესრიგში დადგომამ სინოდის წევრებიც გააკვირვა. 10 ივნისის სხდომამდე, მართლმადიდებელი თეოლოგების ნაწილმა სინოდს და წერილით მიმართა, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კრეტის ისტორიულ კრებაზე არ წავა, მას იზოლაცია ელის.

საეკლესიო კომენტატორები მიიჩნევენ, რომ კრებაზე არწასვლით ძლიერდება ეჭვი, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ორბიტაზეა, რასაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებაც.

14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან კრებაზე წასვლაზე ამ დროისათვის 5 ეკლესიას აქვს ნათქვამი უარი - ანტიოქიას, საქართველოს, სერბეთს, ბულგარეთსა და რუსეთს.

კრეტის კრებაზე გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, რაც თითოეული ეკლესიისთვის ვეტოს უფლებას ნიშნავს.

კომენტარები