შინაგან საქმეთა სამინისტრო

"ფართო ჰორიზონტის პიროვნება" - შს მინისტრის მოადგილის მხარდამჭერი Fb გვერდი

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხარდასაჭერად Fb გვერდი გააკეთეს. "ბესიკ ამირანაშვილის ერთგული მეგობრები" - ასე ჰქვია FB Page-ს, რომელიც მინისტრის მოადგილის "დემოკრატ ბუნებაზე", მის "ფართო ჰორიზონტსა" და "ჩეკისტურ ცივ გონებაზე" აწვდის ინფორმაციას ინტერნეტმომხმარებელს.

Photo: ბესიკ ამირანაშვილის ერთგული მეგობრები/Fb.com
"ეს გვერდი ბატონი ბესოს ერთგული მეგობრების გვერდია. აპოლიტიკური და წმინდა მეგობრულ გრძნობებზე დაფუძნებული, რომელიც ჩვენს ძვირფას მეგობარს და სასახელო მამულისშვილს მივუძღვენით", - წერს ბესიკ ამირანაშვილის ერთგული მეგობრები" ერთ-ერთ ბოლო "პოსტში". 

"ბესიკ ამირანაშვილი არის ქარიზმატული პიროვნება და ნამდვილი ლიდერი, რომელმაც სრულიად ახალი თაობის პროფესიონალთა გუნდი მოიყვანა სამოღვაწეო ასპარეზზე და არაერთი გამოკვეთილი ფიგურა შექმნა ქართულ პოლიციაში. მან გააჩინა და დაამკვიდრა გუნდურობის განცდა. ნიშანდობლივია, რომ ბესიკი არის დემოკრატი ბუნებით და შეუძლია თავისი მენტალიტეტი მწყობრ ღირებულებათა სისტემად ჩამოაყალიბოს და პოლიტიკურ სტრატეგიად აქციოს", - აღწერენ შს მინისტრის მოადგილეს და იქვე აღნიშნავენ, რომ "ის არის ბრწყინვალე ორატორი, რომელსაც ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ერთნაირი შთაგონებითა და დამაჯერებლობით შეუძლია მოახვიოს აუდიტორიას საკუთარი აზრი, პოზიცია, განწყობილება და, რაც მთავარია, რწმენა".

"მას შეუძლია, ჩეკისტური ცივი გონებით შეაფასოს შექმნილი სიტუაცია და ცხელი გულით გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ დაძლიოს ინერცია, დაანგრიოს სტერეოტიპები, აშენოს სისტემა, სტრუქტურები, რომელთა კონტურებსაც გუმანით ზედმიწევნით კარგად ხედავს. მინისტრის პირველი მოადგილე ფართო ჰორიზონტის პიროვნებაა, მაგრამ, ამასთანავე, უაღრესად უშუალო და გულითადი ადამიანი, განუმეორებელი იუმორის გრძნობით, კოლორიტულობით. ქვეყანამ უნდა იამაყოს რომ ასეთი ღირსეული პიროვნება ჰყავს ქართულ პოლიციას ხელმძღვანელობის, მეორე პოლიციელის რანგში! ეს კი უიშვიათესი გამართლებაა უფლისაგან", - წერს "ბესიკ ამირანაშვილის ერთგული მეგობრების" Fb გვერდი.

Photo: ბესიკ ამირანაშვილის ერთგული მეგობრები

Page-ზე ამირანაშვილის მხარდამჭერი პოსტების გარდა, ქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტივობები. ასევე, პატრიარქის გამონათქვამები და რელიგიური დღესასწაულის მილოცვები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები