შეიარაღებული თავდასხმა

პრემიერი თავის სამძიმარში LGBT თემსა და თანასწორობაზე არაფერს წერს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის სამძიმრის წერილში, რომელიც ორლანდოს გეიკლუბში თავდასხმას ეხება, LGBT თემსა და თანასწორობაზე არაფერია ნახსენები.

"შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა.

ეს ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მდებარე გეიკლუბ "პულსში" შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმის ავტორის მამის, სედიქ მატინის თქმით კი, ტერაქტთან რელიგიას კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, ტერაქტის მოტივი, შესაძლოა, მისი შვილის ლგბტ თემის მიმართ სიძულვილი იყოს.

კომენტარები