შეიარაღებული თავდასხმა

ენმ: ეს არის თავდასხმა იმ ღირებულებებზე, რომელიც აერთიანებს კაცობრიობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

"ადამიანებზე თავდასხმა მათი სექსუალური ორიენტაციის, რასის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით გამორჩევის გამო, განსაკუთრებით შემაძრწუნებელია. მსგავსი ტერორისტული აქტი არ არის მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს პირდაპირი თავდასხმაა იმ საერთო ღირებულებებზე, რომელიც აერთიანებს დღეს კაცობრიობას. ტერორიზმი თანამედროვეობის ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება, რომელიც სწორედ ამ საერთო ღირებულებებზე თავდასხმით ცდილობს ადამიანების გახლეჩვას. აუცილებელია, ჩვენ ერთად აღვუდგეთ წინ ამ ბოროტებას და დავიცვათ ის საერთო ღირებულებები, რომელიც საზოგადოებებსა და ქვეყნებს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს უქმნის", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ტერაქტების გამო უდიდეს წუხილს გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მდებარე გეიკლუბ "პულსში" შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმის ავტორის მამის, სედიქ მატინის თქმით კი, ტერაქტთან რელიგიას კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, ტერაქტის მოტივი, შესაძლოა, მისი შვილის ლგბტ თემის მიმართ სიძულვილი იყოს.

კომენტარები