Panama Papers

ივანიშვილი: პანამა ფეიფერსი ბოლო ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს

George Nebieridze / BuzzFeed

საქართველოს ექსპრემიერმა და ქვეყნის უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა Panama Papers-თან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ივანიშვილის თქმით, "პანამა ფეიფერსი ბოლო ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს". ივანიშვილი ამბობს, რომ მისმა თანამშრომლებმა ქონებრივ დეკლარაციაში ყველაფერი სწორად ჩაუწერეს. Panama Papers-ის მასალებით, ივანიშვილმა ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Lynden Management-ი დეკლარაციიდან დამალა.

"პანამა ფეიფერსიც არაა ბოლო ჭეშმარიტება. თუ მე რამე დავარღვიე, ამისთვის არსებობს კანონმდებლობა და მომთხოვონ პასუხი. ყველაფერია დეკლარაციაში შეტანილი, რაც საჭიროებდა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად შეავსეს [დეკლარაციაში] და თუ თქვენ გაქვთ კითხვა, დაწერეთ და მიმართეთ პროკურატურას და სასამართლოს და მე პასუხს მაგებინებენ. იქედან პასუხს მოგცემენ. ჩემს შემთხვევაში არაფერი კითხვა არაა, არაფერ კამათს მე არ ვსაჭიროებ", - ნეტგაზეთის კითხვას პასუხობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, ოფშორული კომპანიები ბიზნესის კეთების დროს საკმაოდ ბევრ პლუსს იძლევა, ამიტომაც მათი დანაშაულთან და გადასახადების დამალვასთან გაიგივება არ შეიძლება. ივანიშვილი რუსეთში თავისი მოღვაწეობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი კომპანიები ყველა გადასახადს იხდიდნენ, რაც მაშინ უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენდა.

"თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სერიოზულ კომპანიას, ვერცერთ სერიოზულ ბიზნესმენს, რომ არ სარგებლობდეს ოფშორული ზონით. ოფშორული ზონა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გადასახადი დამალო. ოფშორული ზონა იძლევა ძალიან ბევრ პლუსს მობილურობაში. მოქნილობაში გეხმარება. გადასახადების მხრივ, თუ ჩემს გვარს ვინმე დაასახელებს და გაიხსენებს, უპრეცედენტო რამ მოხდა რუსეთში, ერთი-ერთში ვიხდიდი. არავის კითხვა ჩემს მიმართ არ აღეძვრება", - ამბობს ივანიშვილი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში უნდა მიუთითოს იმ კომპანიათა შესახებ, რომელთა ნაწილსაც ის ფლობს. ივანიშვილის საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, Lynden Management Ltd-ის მითითება დეკლარაციაში საჭირო არ იყო, რადგანაც ივანიშვილი ამ კომპანიის არა მფლობელი, არამედ ბენეფიციარი მესაკუთრეა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355 მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსება და ინფორმაციის დამალვა, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები