ვანო მერაბიშვილის საქმე

კობახიძე: გადაწყვეტილებაში მინიშნებაც კი არაა მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მინიშნებაც კი არ არის ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ "არაერთგზის გაავრცელა ცრუ ინფორმაცია". კობახიძემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა გადაწყვეტილება, რომლის სათაურში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი, ისე დასაბუთებული. უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის ივანე მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენა და მით უმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი. ნაციონალური მოძრაობის განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით, თითქოს ივანე მერაბიშვილი პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზნით დააკავეს, არის მტკნარი სიცრუე. როგორც უკვე აღვნიშნე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეფასდა, როგორც კანონიერი და დასაბუთებული. გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე", - განაცხადა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ ასევე პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა. კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.
 
ამასთან, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია.
 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.
 
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაარღვია მერაბიშვილის უფლება სასამართლომდე გათავისუფლებაზე. სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება დაესაბუთებინა მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და განეხილა არასაპატიმრო წინასასამართლო შემაკავებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობა, როცა მოსარჩელის პატიმრობა დაადასტურა ზეპირად წარმოთქმული ერთი აბსტრაქტული ფრაზის საფუძველზე - "არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ“.
 

კომენტარები