ამერიკის ეკონომიკა

FED-მა აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა უცვლელად 0.5%-ზე დატოვა

0 კომენტარი
FED-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი ფოტო: Joshua Roberts / REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდმა (FED) ვაშინგტონში გამართული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. FED-მა 2015 წლის დეკემბერში გასული 9 წლის მანძილზე მონეტარული პოლიტიკა პირველად გაამკაცრა და ახალი პროგრამა გამოაცხადა, რომლითაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ გამკაცრებას დაიწყებდა. თუმცა უკვე 2016 წლის აპრილში აშშ-ის არადამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო FED-მა გადაწყვიტა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შეენელებინა. 

"ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ FOMC (ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის) აპრილში გამართული წინა სხდომის შემდეგ გვიჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე გაუმჯობესების ტემპი შენელდა, ამავდროულად ეკონომიკური აქტივობა გააქტიურდა. მთლიანობაში უმუშევრობის დონე შემცირებულია, თუმცა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი კვლავ არადამაკმაყოფილებელია. 2016 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა კერძო სექტორში მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ სუსტია. ინფლაცია კვლავ ჩვენს სამიზნე 2%-იან მაჩვენებელზე დაბლაა, რაც ნაწილობრივ ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას უკავშირდება. კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ფედერალურ ფონდებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 0.25-0.5%-ის შუალედში შეინარჩუნოს."- წერია FED-ის გადაწყვეტილებაში.

ამერიკაში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრისთვის, გასული წლების მანძილზე იაფი ფულის პოლიტიკა მოქმედებდა. 2006 წლის ივნისში ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.25%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მუდმივად ამცირებდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კი FED-მა საპროცენტო განაკვეთის თითქმის 0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე 2014 წლის მეორე ნახევრიდან აშკარა გახდა, რომ აშშ კრიზისიდან გამოვიდა, რის გამოც შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება საჭირო აღარ იყო. 2015 წლის ბოლოდან კი აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა FED-მა მონეტარული პოლიტიკის 0.25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. FED-მა გასულ წელს სამიზნე 2%-იანი ინფლაციის მიღწევა ვერ შეძლო, 2%-იან ინფლაციას აშშ სავარაუდოდ ვერც წელს მიაღწევს. 

FED-ის გადაწყვეტილებაში წერია: "მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გააგრძელებს დეტალურ დაკვირვებას ინფლაციასა და მსოფლიოს ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორზე დაკვირვებას"- ეს კი ნიშნავს, რომ აშშ გლობალურ ფინანსურ ინდიკატორებთან მიმართებით ამჟამად სტატუს კვოს შენარჩუნებას ამჯობინებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აშშ-მა მონეტარული პოლიტიკა ახლა არ გაამკაცრა არის ბრიტანეთის რეფერენდუმის მოლოდინი, რომელზეც შესაძლოა, გადაწყვეტილება კავშირის დატოვების, (Brexit-ის) სასარგებლოდ იქნეს მიღებული. 

FED-ის გადაწყვეტილებას დოლარის საერთაშორისო სიმყარეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რადგანაც წინასწარვე არსებობდა მოლოდინი, რომ FED მონეტარულ პოლიტიკას ახლა არ გაამკაცრებდა. დოლარის ინდექსი DXY ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 94.75-დან 94.25-მდე შემცირდა, რაც მცირე ცვლილებას წარმოადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები