ვანო მერაბიშვილის საქმე

ნონიაშვილი: მერაბიშვილი პოლიტპატიმრის მინიმუმ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს

ტაბულა

იურისტების ნაწილის შეფასებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის კრიტერიუმების მიხედვით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმრის სტატუსს აკმაყოფილებს. კერძოდ, საუბარია რეზოლუციის იმ მუხლებზე, რომლებიც პირის პოლიტიკური ან დისკრიმინაციული მოტივით დაპატიმრებასა და ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით უსამართლო დაპატიმრებას ეხება. იურისტები აღნიშნავენ, რომ ევროსასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში ტერმინს - პოლიტიკური პატიმარს არასდროს იყენებს, თუმცა დარღვეული პუნქტები და ევროსასამართლოს განმარტება, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებას სამართლებრივის გარდა „სხვა მოტივიც" ჰქონდა, მის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბრის შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციის თანახმად, პოლიტიკური პატიმრის ხუთი კრიტერიუმი არსებობს. აქედან ერთის დაკმაყოფილებაც საკმარისია, რომ პირი პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვალოს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური პატიმრის განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით, (რეზოლუცია 1900 - 2012), თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) დაკავებისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი პროტოკოლებით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლება, კერძოდ აზრის, სინდისის, და რწმენის თავისუფლება, გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება. ბ) იმ შემთხვევაში, თუ დაკავების მიზეზი მხოლოდ პოლიტიკურია და სამართალდარღვევასთან კავშირში არ არის. გ) იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოტივებით, პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები აშკარად დისპროპორციულია იმ სამართალდარღვევის მიმართ, რაშიც პირი ეჭვმიტანილია ან მსჯავრდებული. დ) იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოტივებით დაკავება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. ე) თუ დაკავება აშკარად უსამართლო პროცესის შედეგია და ეს უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივს.

იურისტ გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმრის მინიმუმ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

"პოლიტიკური პატიმარი არის პოლიტიკური სტატუსი და არა სამართლებრივი შეფასების საკითხი. მიუხედავად ამისა, ვანო მერაბიშვილი ამ ხუთი კრიტერიუმიდან მინიმუმ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პირველი, რომ დაკავება აშკარად უსამართლო პროცესის შედეგია და მეორე, დაკავება არის დისკიმინაციული და უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივს. მნიშვნელოვანია, რომ ამის ამოკითხვა შეიძლება თვითონ სტრასბურგის გადაწყვეტილებაშიც. სასამართლო ვერ იტყვის, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმე, იმიტომ, რომ ეს არ არის სამართლებრივი შეფასება, ეს პოლიტიკური შეფასებაა, თუმცა, სასამართლო ამოვიდა მე-18 მუხლიდან, რომელზეც ძირითადდა არის მსჯელობა პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან , პოლიტიკურ დაკავებასთან დაკავშირებით. მან პირდაპირ გაატარა მსოფლიოში ყველაზე მძაფრ საქმეებთან შედარებები - ეს არის ლუცენკოს და ტიმოშენკოს საქმეები. სასამართლომ თქვა, რომ ანალოგიური პრობლემებია ვანო მერაბიშვილის საქმეშიც და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არც ტიმოშენკოს და არც ლუცენკოს საქმეში მას არ უთქვამს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი", - ამბობს ნონიაშვილი.

დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის თქმით, ევროსაბჭოს კრიტერიუმებით, მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დისკრიმინაციას.

"ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობას შეეხებოდა საქმე, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა სასამართლომ მე-18 მუხლის გამოყენებით, რომ ვანო მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოტივი არ ყოფილა მართლმსაჯულების ინტერესები. არამედ, მას ჰქონდა სხვა მოტივიცია. ის იხსენებს კონკრეტულ ფაქტს, რომელშიც თვალნათლივ ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილისგან ხელისუფლება ითხოვს ინფორმაციას სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების შესახებ, ამიტომ ჰყავთ პატიმრობაში და თუ ის მიაწვდის ინფორმაციას, მას გაათავისუფლებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მერაბიშვილის პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოტივი იყო არა წმინდად სამართლებრივი, არამედ იყო სხვა", - თქვა მშვენიერაძემ და აღნიშნა, რომ "რა შეიძლება, იყოს სხვა მიზნები პოლიტიკოსთან მიმართებით, მე მგონი, დიდი მკითხაობა არ სჭირდება. სხვა გარემოება პოლიტიკოსთან მიმართებით, როგორც წესი, არის პოლიტიკა".

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.
 
კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.

კომენტარები