რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაიწყო. მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ტელეკომპანიის სარჩელზე ოთხის ნაცვლად, ცხრა მოსამართლე იმსჯელებს. მათ შორის, თავიდან მოისმენენ უკვე განხილულ საქმესაც. "ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით" რუსთავი 2-ის სარჩელს თავდაპირველად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა, არსებითი განხილვა და დასკვნითი სიტყვების ნაწილი უკვე დასრულებული იყო, კოლეგიის მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ და საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპი უნდა დამდგარიყო. თუმცა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.

რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, არსებითად მნიშვნელოვანი არ არის, საქმეებს კოლეგია განიხილავს თუ პლენუმი. თუმცა, მათი თქმით, ამ პროცედურებით ჭიანურდება სარჩელის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი, საქმის კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის პრაქტიკა უკვე არსებობს. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს კოლეგიიდან პლენუმზე გადაცემის საფუძვლებს. მათ შორის ერთ-ერთი საფუძველია, თუ საქმემ თავისი შინაარსით წარმოშვა საქართველოს კონსტიტუციის განმარტების მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებით იშვიათი სამართლებრივი პრობლემა", - აცხადებენ სასამართლოში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ კვირას შუამდგომლობით მიმართა მოსამართლე მერაბ ტურავამ და რუსთავი 2-ის სარჩელის პლენუმისთვის გადაცემა მოითხოვა. მას ამის შესაძლებლობა 14 მაისს, დაჩქარებული რეჟიმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად აქვს. ცვლილებამ, რომლითაც მოსამართლე ტურავა სარგებლობს, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში კრიტიკა დაიმსახურაახალი კანონის მიხედვით, საკითხთა დიდი ნაწილი განსახილველად კოლეგიის მაგივრად პლენუმზე გავა, მათ შორის, მხოლოდ პლენუმმა უნდა განიხილოს ორგანული კანონების კონსტიტუციურობა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამ საკითხების განხილვის პლენუმისთვის გადაცემა უნდა განვიხილოთ გაზრდილი კვორუმის და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიო უმრავლესობის გაზრდის ფონზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმის პლენუმზე გატანა შეუძლია კოლეგიის ნებისმიერ წევრს. ამასთან, მოსამართლეს ამის მოთხოვნა შეუძლია საქმის ყველა ეტაპზე, პლენუმს კი მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ 9-დან 6 მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ ორი მესამედის უმრავლესობის დაწესება გადაჭარბებულია და მოსამართლემ, შესაძლოა, მარტივად გამოიყენოს ბოროტად.

რუსთავი 2-ის სარჩელთან დაკავშირებით, სადავოდ არის გამხდარი "ამორალური გარიგების შესახებ" სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა. ტელეკომპანია რუსთავი 2 მიიჩნევს, რომ ეს ნორმები არღვევს საკუთრების უფლებას.

კომენტარები