სტარტაპი

სტარტაპების დაფინანსების 11 მილიონიანი ფონდი და startup.gov.ge იხსნება

ოქროყანის ტექნოპარკის პროექტი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

საქართველოს სტარტაპების ფონდი ხვალ 14:00 საათზე გაიხსნება, პროექტის პრეზენტაციას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამართავს. პროექტი მიზნად ახალგაზრდების ინოვაციური ბიზნეს პროექტების დაფინანსებას ისახავს. პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

"პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება." - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის საწყისი დაფინანსება სჭირდება.

განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან, 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. პრემიერის თქმით, პროექტებს, რომლებმაც ამ ფონდის მეშვეობით უნდა მიიღონ დაფინანსება, უცხოელი პროფესიონალები შეარჩევენ.

სტარტაპები შედარებით რისკიან საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენს, ამიტომაც მათ საბანკო დაფინანსების მოპოვება ხშირად უჭირთ. უცხოეთში არსებობენ კერძო სტარტაპ "გენერატორები", რომელთა მეშვეობითაც დამწყები ბიზნესმენები დაინტერესებულ პირებსა და ინვესტორებს საკუთარ პროექტებს აცნობენ, შედეგად კი მათი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. ასევე არსებობს მსგავსი შინაარსის მქონე ვებგვერდებიც, რომელთა მეშვეობითაც ინოვატორებს კაპიტალის მოზიდვის საშუალება ეძლევათ. უცხოეთში ასევე არსებობს სახელმწიფოს კუთვნილი სტარტაპ ფონდები, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ძირითადად $60 000-მდე თანხის დაფინანსებებს აძლევენ.

კომენტარები