გენოციდი

გაერომ ISIS-ის მიერ იეზიდთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები გენოციდად აღიარა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ქმედებები სირიასა და ერაყში მცხოვრებ ეთნიკურ იეზიდებთან მიმართებაში გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

გაეროს სპეციალური კომისიის ანგარიშში საუბარია იეზიდ მამაკაცებზე, რომლებსაც იმის გამო, რომ ისლამის მიღებაზე უარს ამბობდნენ, ხშირ შემთხვევებში ოჯახების თვალწინ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თავში სროლით ან ყელის გამოჭრით კლავდნენ. გაეროს ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ათასობით მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელთა კვლევაც ჯერ კიდევ გრძელდება.

მოხსენებაში ასევე საუბარია იეზიდების მიმართ ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა სექსუალური მონობა, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და სხვ. კომისიის დასკვნით, ყველა ეს ქმედებები იეზიდების, როგორც ეთნოსის განადგურებას ემსახურებოდა.

კომისიის ხელმძღვანელის, პაულო სერჟიო პინეიროს თქმით, უშიშროების საბჭომ გამოძიების დასაწყებად ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უნდა მიმართოს.

"საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, უშიშროების საბჭომ გამოძიების დასაწყებად ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ან რომელიმე სხვა საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ ადამიანების გადასარჩენად არაფერი გაკეთებულა და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მკაცრ ზომებს მიმართავს", - განაცხადა პინეირომ.

კომისიის ინფორმაციით, 3200-ზე მეტი იეზიდი ქალი ჯერ კიდევ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ტყვეობაშია.

 

კომენტარები