ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

Reuters: რუსეთმა სირიაში ამერიკის მომხრე ამბოხებულებზე ავიაიერიში მიიტანა

Reuters

Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ სირიაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ამბოხებულების პოზიციებზე ავიაიერიში განახორციელა. მისი თქმით, იერიში ამბოხებულთა იმ ჯგუფზე განხორციელდა, რომელიც აშშ-ს მხარს უჭერს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

წარმომადგენელმა მოსკოვის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ამ საკითხს რუსულ მხარესთან აუცილებლად განიხილავს.

"ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებებს რუსეთისგან. მსგავსი შემთხვევა არ უნდა განმეორდეს", - აღნიშნა წარმომადგენელმა, რომელიც ვინაობას არ ასახელებს.

ამასთან, ნორვეგიაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რისკის ქვეშაა.

"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი მოთმინება შეუზღუდავი არ არის", - თქვა კერიმ.

გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოში მორიგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში. შეთანხმება 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების ნაწილმა მოუწოდა, რომ სირიის სამთავრობო, ბაშარ ალ-ასადის ძალებზე ავიადარტყმები განახორციელოს. შიდა მემორანდუმს 50-ზე მეტმა დიპლომატმა მოაწერა ხელი. მათი მოწოდების მიზეზი კი ასადის მხრიდან არაერთხელ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა.

კომენტარები