დიდი და წმიდა კრება 2016

10 მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კრეტაზეა - 4 კრებაზე წასვლას არ აპირებს

მცირე სინაქსისი კრეტაზე
patriarchate.org

კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, რუმინეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები კუნძულ კრეტაზე, დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, მათ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქიც შეუერთდა. სერბეთის ეკლესიამ, ცოტა ხნის წინ, კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა, მოგვიანებით, პოზიცია შეიცვალა.

ამ დრომდე გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და კრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ: ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის მრჩევლისა და მსოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკონის, მამა იოანე ხრისავგისის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქებმა კრების წინ სინაქსისი - შეხვედრა გამართეს. მისივე თქმით, თუმცა კრებას 14-დან 10 მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრება, ის მოწვეულია თოთხმეტივეს მიერ და, შესაბამისად, წარმოადგენს საერთომართლმადიდებლურ კრებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ გადაწყვიტა, კრებაზე არ ჩავიდეს. 

დიდი და წმიდა კრება 19-27 ივნისს გაიმართება. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებით, კრების მიერ მიღებული დოკუმენტები იქნება სავალდებულო. ამ აზრს არ იზიარებს 4 ეკლესია, რომელიც კრებაზე არ მიდის.

კომენტარები