შემოქმედის ეპარქია

ოზურგეთის მერიამ შემოქმედის ეპარქიას 18 ჰექტარის გადაცემაზე უარი უთხრა

მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე
shemoqmediseparqia.blogspot.com

ოზურგეთის მერიამ შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებ კიკვაძეს ექადიის ტყე-პარკის 18 ჰექტარის ეპარქიის საკუთრებაში გადაცემაზე უარი უთხრა.

ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე გურიის მოამბესთან საუბრისას ამბობს, რომ 18 ჰა, რომელსაც მეუფე იოსები მოითხოვდა, დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს. სიორიძე უარყოფს მეუფე იოსებთან დაპირისპირებას.

"ამ ადგილზე, ექადიაზე, სადაც ეკლესია არის აშენებული, არის ტყე-პარკი. იქ სადაც მონასტერია აშენებული, ჩვენ მათ 3, 500 მ უზუფრუქტით გადავცემთ. რაც შეეხება 18 ჰა ტყის ფართობს, ეს უნიკალური ტერიტორიაა. მე ვგეგმავ გარემოს დაცვის მინისტრთან, გიგლა აგულაშვილთან შეხვედრას და გვინდა, ეს ტერიტორია, გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად, რომ აღარასოდეს არ გასხვისდეს, არავისზე. მე ვესაუბრე მეუფეს და არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან გთხოვთ, ნურავინ ნუ გამოიყენებს ამას, თითქოს რაიმე დაპირისპირება იყოს, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მეუფე იოსებს. ვთვლით, რომ ეს ტერიტორია უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად", - ამბობს ოზურგეთის მერი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ეძღვნებოდა.

"იმედია, მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ, ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ", - წერდა კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ეს განცხადება მიტროპოლიტმა იოსებმა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არ არის და პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირების ჩარევის წინააღმდეგია.

"თუ ვინმე პოლიტიკოსი მომიწოდებს, რომ ვინ მივიღო სტუმრად და ვინ არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია და ეს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაა. ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება. მაჟორიტარ დეპუტატს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვის და როდის იღებს ეპისკოპოსი სტუმრად. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან", - თქვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა ტელეკომპანია პირველთან საუბარში.

მანვე კვაჭანტირაძის განცხადება შეცდომების გამოსწორების შესახებ, მუქარად შეაფასა.

TDI-ის კვლევის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2013 წელს, შემოქმედის ეპარქიას 57 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.

კომენტარები