NDI-ის კვლევა

NDI: პრობლემა არაფორმალური მართვა, ძალადობა და კანონის შერჩევითი აღსრულებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო მისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის საჭირო კომპონენტები უმეტესწილად არსებობს. თუმცა, ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ლიდერებს ამ პოტენციალის რეალობაში მოსაყვანად პოლიტიკური ძალისხმევისა და პარტიული თავშეკავებულობის გამოყენება მოუწევთ. სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზეა დამოკიდებული: შესაძლო ძალადობა და დაშინება; უნდობლობა კანონის მიუკერძოებლად აღსრულებასთან დაკავშირებით; და აღქმა, რომ გარკვეულ პირებს კულისებს მიღმა პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

"ერთობლივად ამ გამოწვევებს აქვს პოტენციალი, დააზიანოს პროცესი, გადააფიქრებინოს ამომრჩეველს მონაწილეობის მიღება და შეარყიოს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ცალკეული ინდივიდები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა პოზიციიდან საარჩევნო კამპანიას და ფართო პოლიტიკურ გარემოს ბრძოლის ველად წარმოაჩენენ, სადაც თამაშის წესები შესაძლებელია, უგულებელყოფილი იყოს ან გამოყენებულ იქნას პარტიული უპირატესობის მისაღწევად ან ძველი ანგარიშების გასასწორებლად. თუმცა დელეგაციის წევრებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების მომავალზე ორიენტირებული ლიდერების კონსენსუსი, რომ ეს საკითხები სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს და ისინი მზად არიან ითანამშრომლონ პარტიული ინტერესების მიღმა ამ საკითხების მოსაგვარებლად", - წერია ანგარიშში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია 13-17 ივნისის პერიოდში თბილისში შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, სხვადასხვა პარტიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფებს, ასევე, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

კომენტარები