NDI-ის ანგარიში

NDI R2-სა და მაესტროზე: გამძაფრდა აღქმა იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ჩარევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში რუსთავი ორის და მაესტროს საქმეებზეც არის საუბარი. დელეგაციის განცხადებით, მათ ამ საქმეების სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნიათ, "თუმცა სანდო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებიან პროცესს, გამოთქვეს შეშფოთება სასამართლო პროცესის დროს გარკვეულ გადახვევებთან დაკავშირებით". NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, "ამან გაამძაფრა აღქმა იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ჩარევა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ან ოპოზიციური მოსაზრებების ჩახშობის მიზნით".

წინასაარჩევნო დელეგაცია თავის ანგარიშში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ახალ კანონსაც ეხება.

"პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დაჩქარებული წესით მიღებული ბოლოდროინდელი ცვლილებები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუ ისინი ხელს შეუშლის სასამართლოს, გამოიტანოს გადაწყვეტილება, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე. სხვა დებულებებთან ერთად, ამ ცვლილებებით იზრდება კვორუმისთვის საჭირო მოსამართლეთა რაოდენობა, მიუხედავად ვენეციის კომისიის გაფრთხილებისა, რომ ეს შეიძლება შეიცავდეს მოსამართლეთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტილების დაბლოკვის რისკს. აღნიშნული ცვლილებები ბევრის მიერ ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც მცდელობა, შეიზღუდოს იმ სასამართლოს ძალაუფლება, რომელმაც მთავრობისთვის არასასურველი გადაწყვეტილებები გამოიტანა", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები