ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" "გასკო+"-ის კონტრაქტი დიდი ალბათობით ვერ გაფორმდება

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაზპრომთან ქართული კომპანია გასკო+-ის კონტრაქტზე ამბობს, რომ აღნიშნული კონტრაქტი საბოლოოდ არ არის გაფორმებული და, მაღალი ალბათობით, ვერც გაფორმდება, თუმცა მიზეზებს არ აკონკრეტებს. 

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მეც ეს ყველაფერი შევიტყვე თქვენს მსგავსად, ღია საინფორმაციო წყაროების მეშვეობით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი საბოლოოდ არ არის გაფორმებული და, ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ ვერც გაფორმდება. თუმცა გავიმეორებ, რომ ეს არის კომერციული ურთიერთობები. მე პირადად არ ვარ ჩართული, მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო არ არის ჩართული. და ამ ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გარიგება არ არის დახურული. რაც ეხება საფრთხეებს, საფრთხეებზე დამისვით კითხვა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ წუთში ანალიზის იმისა, აქვს თუ არა კონტრაქტს საფრთხეები, არ არსებობს, ვინაიდან კონტრაქტი ჯერ თვალით არ გვაქვს ნანახი. არც მიზნები არ ვიცით, არ ვიცით, თუ სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი. არც ხელშეკრულება მაქვს ნანახი, არც იმ ადამიანებს ვიცნობ, ვინც ხელი მოაწერეს ამ გარიგებას, დღეს სოკარი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ჩვენი მოთხოვნები სრულად დაფარა", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

გაზპრომმა ქართულ კომპანია გასკო+-სთან 100 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გააფორმა შეთანხმება. კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაციას თავად გაზპრომი ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი გაზპრომის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა და გასკო+-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს. იმისთვის, რომ კომპანიამ რუსული ბუნებრივი აირი შეისყიდოს, მან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს გასკო+ სენაკის რაიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს, კომპანიის 90%-იან წილს საქართველოს მოქალაქე, რუსეთში მცხოვრები ირაკლი ბიწაძე ფლობს, 10%-იანი წილის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე გიორგი მამალაძეა. კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული. 

კომენტარები