ვანო მერაბიშვილის საქმე

ხატიაშვილი: ფარცხალაძე თუ არ მიეცემა პასუხისგებაში, მთავრობა ჭაობში ჩავარდება

ზაზა ხატიაშვილი
ტაბულა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ თუ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დიმიტრი დარბაისელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ხელისუფლება "ჭაობში ჩავარდება". ხატიაშვილი მერაბიშვილის ღამით ციხიდან გაყვანის ინციდენტზე აკეთებს აქცენტს.

"ოთარ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს თუ არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლება, ის ჩავარდება ჭაობში, იმიტომ, რომ 18-ე მუხლი, როგორც არ უნდა თავი მოგვაჩვენონ, საკმაოდ სერიოზული დარტყმაა თვითონ ქართულ სახელმწიფოსა და დღევანდელ ხელისუფლებაზე. თუ ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი არ მიეცემიან პასუხისგებაში და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, მინდა, გითხრათ, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ამას. თუ ტვინი აქვს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ფარცხალაძესა და დარბაისელთან მიმართებით. შოთაძე ვალდებული იყო, დავალება მიეცა პროკურორისთვის და დაეწყო გამოძიება. თუ ვალდებულებით ნორმას ვინმე არღვევს, ამას მოსდევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების მინიმუმ გადამეტება. ვინც ვალდებული იყო, რომ გამოძიება ეწარმოებინა ამ საქმეზე და არ აწარმოა, ის, სავარაუდოდ, დაისჯება", - ამბობს ხატიაშვილი.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია ივანე მერაბიშვილის უფლებები. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

კომენტარები