ე.წ კანონიერი ქურდი

ე.წ კანონიერი ქურდის, "დათო სვანის" საქმეზე, თარგამაძეს დაკითხავენ

გივი თარგამაძე

ე.წ კანონიერი ქურდის დავით გერლიანის საქმეზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. უწყება გივი თარგამაძემ facebook-ში გაავრცელა.

"ქვეყანაში შემოშვებული ქურდის ნაცვლად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში დაკითხვაზე მე დამიბარეს " - წერს თარგამაძე.

დეპუტატის დაკითხვაზე გამოძახების მიზეზად, "დავით გერლიანის მიერ კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე" სახელდება.

"დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით. გამოკითხვის მიზნით გთხოვთ გამოცხადდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში" - ნათქვამია უწყებაში.

ე.წ კანონიერი ქურდი "დათო სვანი" საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დავით გერლიანის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი 2-მა გადაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ განმარტა მიზეზი, რატომ არ დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი. აღსანიშნავია, რომ როგორც კანონიერი ქურდობა, ისე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 5-დან 8 წლამდე ვადით.

დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ ე.წ დათო სვანი კანონიერ ქურდად 2014 წელს, თურქეთში აკურთხეს. თარგამაძემ დეპორტაციის პროცესის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

კომენტარები