მექსიკა

სამხრეთ მექსიკაში აქციის დაშლისას 6 ადამიანი დაიღუპა

Reuters

სამხრეთ მექსიკაში, ოახაკას შტატში საპროტესტო აქციის დაშლისას 6 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა.

საპროტესტო აქციას მასწავლებლები მართავდნენ, რომლებიც პროფკავშირის ორი ლიდერის კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. მასწავლებლებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს.

მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, პოლიცია ცდილობდა გზების გათავისუფლებას, როდესაც უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რათა მოეხდინათ სიტუაციის ესკალაცია და შეექმნათ ქაოსი.

მექსიკის ნაციონალური უსაფრთხოების კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელებს, რომლებიც აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ, არ ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. ფედერალური პოლიციის უფროსმა ენრიკე გალინდომ კი მოგვიანებით თქვა, რომ შეიარაღებული ქვედანაყოფი მაშინ გაიგზავნა ადგილზე, როდესაც უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს.

კომენტარები