წყნეთის სამთავრობო აგარაკები

ქუმსიშვილი წყნეთიდან გამოსახლებაზე: ვინც აჟიოტაჟს ტეხს, ჩერგოლეიშვილია

ინფორმაციას, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წყნეთის აგარაკების გაქირავების პროცესი შეჩერებულია, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, აგარაკები იყიდება და დაინტერესებული ინვესტორიც უკვე გამოჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აგარაკების გასხვისებაზე საჯარო აუქციონი გამოცხადებული არ არის. იქ მცხოვრებ მოიჯარეთა ნაწილი ამბობს, რომ მათი კონტრაქტები შეწყდა, რის გამოც ტერიტორიის სამ დღეში დატოვების ულტიმატუმი წაუყენეს. ტაბულას ინფორმაციით, აგარაკების კვლავ სამთავრობო ზონად გარდაქმნა იგეგმება. ქუმსიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი ვინც აგარაკების ქირაობით არის დაინტერესებული ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილია.

"ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა იქ ქირაობა, არის თქვენი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ამის გულისთვის შეიძლება, ამხელა ამბავი ატეხონ? ჩვენ გვყავს კონკრეტული ინვესტორი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. დიახ, დღეს ახალი იჯარები აღარ ფორმდება", - უთხრა ქუმსიშვილმა ტაბულას.

ქუმსიშვილის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს თავად თამარ ჩერგოლეიშვილი და წყნეთის აგარაკებით პირად დაინტერესებას კატეგორიულად გამორიცხავს. ტაბულას დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მას შიდა წყაროებიდან აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყნეთის აგარაკების კვლავ სამთავრობო ზონად გადაკეთებას აპირებენ.

"არაერთ ოჯახს შეეხო გამოსახლება წყნეთის აგარაკებიდან. მათ ხანგრძლივი კონტრაქტები ჰქონდათ დადებული სახელმწიფოსთან და ქირაობდნენ, საბაზრო ფასს იხდიდნენ. 5 ოჯახი მე ვიცი, რომლებსაც შეეხო და ისინიც დაადასტურებენ.

რაც შეეხება იმას, რომ მე მინდოდა იქ ასვლა, რა წუთიდანაც ტაბულა ჩაერთო ამბავში, იმ წუთიდან ვთქვი, რომ მე იქ აღარ ავალ. განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, განსხვავებით ქუმსიშვილისგან, მე ჩემს ძალაუფლებას, რასაც ტაბულას დირექტორობა მანიჭებს, არ ვიყენებ პირადი მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, რა წუთიდანაც ტაბულა ჩაერთო, ნათქვამი მაქვს ძალიან ცხადად, რომ არ ვაპირებ იმ აგარაკით სარგებლობას, მაგრამ ყველანაირად შევუშლი ხელს ამ მთავრობას, რომ იქიდან წვრილშვილიანი ოჯახები გამოასახლონ და თუ ამას იზამენ და ისევ სამთავრობო ზონად გადააკეთებენ, მაშინ მოუწევთ, ახსნან, რატომ ლანძღავდნენ წინა ხელისუფლებას იმისთვის, რასაც თვითონ ბევრად უარესად აკეთებენ. წინა ხელისუფლება იქ სხვისი შვილების გამოყრის ხარჯზე არ ასულა. ბუნებრივია, შიდა წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებდა ასვლას და აპირებს. კარგი იქნება, თუ დღევანდელი განცხადებების შემდეგ ვეღარ ავლენ, მაშინ საკუთარ ბრალდებებზე გადახტომა მოუწევთ",- ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ინფორმაციას, რომ შესაძლოა, წყნეთის აგარაკები კვლავ სამთავრობო ზონად გადაიქცეს, უარყოფს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის თქმით, მას არ აქვს კონკრეტული ფაქტები, რაც დაადასტურებდა, რომ მთავრობის წევრები აგარაკებით სარგებლობას გეგმავენ. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების წევრების კრიტიკის საბაბი ის გახდა, რომ ტერიტორიაზე აგარაკების აშენება იგეგმებოდა.

"მე არ მაქვს არავითარი ფაქტები, რომ ისინი აპირებდნენ აგარაკებზე ასვლას ან აპირებენ, ეს შეიძლება, თქვენი მონაგონი იყოს, რისი ოსტატებიც ბრძანდებით. მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს მშენებლობა. ხალხი რაღამც გამოასახლეს, თვითონ კვირიკაშვილი შესახლდება? კითხვაშივე ცდილობთ, რომ დაამახინჯოთ. მთავრობისთვის აგარაკების მშენებლობა ბიუჯეტში იყო შეტანილი და ბიუჯეტის პროექტში, როდესაც ჩვენ მოვედით. აი, თქვენს ბოკერიას... 30 მლნ ნაღდი ფული ჰქონდათ გამოტანილი, დღესაც არ არის გამოძიება დამთავრებული და როგორ ექცეოდნენ საბიუჯეტო თანხებს, კიდევ შეგახსენებდით. მათ რიცხვში, აგარაკების მშენებლობასაც აპირებდნენ და დღეს რასაც თქვენ ამბობთ, არავითარი ფაქტები არ გაგაჩნიათ, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს აგარაკების მშენებლობას",- მიმართა ტაბულას ივანიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ აგარაკების მშენებლობას წყნეთში არავინ გეგმავდა.

"არავინ არაფერს არ აშენებდა, ვქირაობდით და სახელმწიფოს ვუხდიდით ფულს. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, მეც მიმაჩნია, რომ მთავრობისთვის ცალკე გამოყოფილი ზონები არ უნდა არსებობდეს, ამიტომ, მივესალმე ამ ზონის გადაკეთებას და მომხრე ვარ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა გაიყიდოს. ოღონდ კარგი პარკია და სასურველია, ის შენარჩუნდეს", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს, მთავრობის წევრების მიერ აგარაკებით სარგებლობა მოქმედი ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას იმსახურებდა.

ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ამბობდა, "ყველანაირი დაჩები, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ჩამოვართმევთ და გამოვაქვეყნებთ. არავითარი წყნეთი და დაჩები. იქ კიდევ მშენებლობები მიდის, სულ ყველაფერი გავაჩერეთ, ყველაფერი თქვენკენ წამოვა, მაგრამ საკმარისი მაინც არ იქნება, რომ ყველას ადამიანურად და ნორმალურად თქვენი ოჯახების რჩენა შეგეძლოთ". ასეთივე პოზიცია ჰქონდათ, მანანა კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილსაც.

წყნეთის აგარაკები 2015 წლიდან საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შესული, თუმცა ამ გარემოებას აქამდე მისი შენობების ნაწილის გაქირავებისთვის ხელი არ შეუშლია. გასული სამი წლის განმავლობაში წყნეთის აგარაკები აუქციონის წესით ქირავდებოდა და ვინც მეტს იხდიდა, ის სარგებლობდა. 100 500-მდე კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს მთავრობა 21 მილიონ დოლარად ყიდის, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ინვესტორი ამ ობიექტით ისე არ დაინტერესებულა, რომ მასზე საჯარო აუქციონი გამოცხადებულიყო. ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის ამ ქონების პრივატიზაცია მის იჯარით გაცემასთან შედარებით გაცილებით მომგებიანია, ამიტომაც უპირატესობა ქონების გაყიდვას მიენიჭა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეს ქონება აუქციონზე გატანილი არაა, უცნობია, რატომ თქვა სახელმწიფომ ქონების იჯარიდან მიღებულ გარკვეულ შემოსავლებზე უარი.

კომენტარები