EBRD

ლარის ბაზარი იზრდება, EBRD-მა ბირჟაზე 107 მილიონი ლარის ობლიგაცია განათავსა

ტაბულა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 107 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაცია განათავსა. ობლიგაციების განთავსების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და EBRD-ის წარმომადგენელმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ხუთწლიანი ვადიანობის ობლიგაცია განსაკუთრებული იმითაა, რომ ეს ობლიგაციათა საჯარო განთავსების პირველი შემთხვევაა.

ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ მცირეა, ამიტომაც საქართველოს მის განვითარებაში დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან. პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ლარში ნომინირებული ბონდები გამოუშვა EBRD იყო. EBRD-ის შემდეგ ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ, (IFC) აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა (BSTDB). ამასთანავე EBRD საქართველოს ბიზნეს სექტორს ლარში ნომინირებულ შეღავათიან კრედიტებსაც სთავაზობს, ბანკს საერთო ჯამში 380 მილიონი ლარის კრედიტი აქვს გაცემული, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ფაქტი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებს უშვებენ საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ არსებულ ნდობაზე მიანიშნებს. 

"მივესალმებით საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ამ ახალ საეტაპო მოვლენას, როდესაც ევრობანკი წარმატებით განათავსებს ლარში ნომინირებულ, პირველ, საჯარო გამოშვებას. ეს მოვლენა ცხადყოფს რამდენად დიდია ნდობა ქართული ლარისა და ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკისადმი. ლარით ობლიგაციების ემისია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალი ნდობის დასტურია ლარისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ის ფაქტი რომ ქვეყანაში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსი, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ." - ამბობს კობა გვენეტაძე.

EBRD-ის წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ აღნიშნული ბონდების საშუალებით, ბანკი ინვესტიციებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისკენ მიმართავს.

"ეს არის ორი ნიშნით განსაკუთრებული გამოშვება წინა გამოშვებებთან შედარებით. პირველი, ის რომ ხუთწლიანი ვადა აქვს, წინა გამოშვებები იყო ორწლიანი და მეორე, განსაკუთრებული თვისება არის, ის რომ საჯაროდ მოხდება ამ ობლიგაციებით ვაჭრობა.  მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს ბონდები საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ინვესტიციები მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება." - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ობლიგაციების ბირჟაზე განთავსებას საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი უზრუნველყოფს. ბანკის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ლარის საფინანსო რესურსებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, ამიტომაც EBRD-ის გამოშვებული ობლიგაციები ლარზე წვდომის გაზრდას შეუწყობს ხელს.

"ბოლო პერიოდში ლარის მიმართ ვხედავთ, რომ ინტერესი გაზრდილია, ეს იგრძნობა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებში. სულ რამდენიმე ასეული მილიონია ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, შესაბამისად ეს ერთ-ერთი დიდი გამოშვებაა, ამიტომაც მას პრეცედენტის კუთხით აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგანაც ხუთწლიანი საჯარო ტიპის შეთავაზება გაკეთდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი ფაქტები კიდევ ბევრი იქნება, რათა ლარის რესურსზე წვდომის გაზრდას შეეწყოს ხელი." -ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

კომენტარები