ბოკერია საკონსტიტუციოზე: არჩევნებს აგებენ და ეპოტინებიან მანიპულაციებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ინიცირებულ ახალ ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან პოზიციების შენარჩუნების მცდელობას უკავშირებს.

"ივანიშვილი და მისი მარიონეტების გუნდი ხვდებიან, რომ არჩევნებს წააგებენ, ეპოტინებიან მანიპულაციებს, რომ პოზიციები შეინარჩუნონ. ჩვენი, როგორც საზოგადოების ამოცანაა, ის ზიანი, რაც ივანიშვილმა მოუტანა და მოაქვს ჩვენი სამართლებრივი სისტემისთვის, აღმოვფხვრათ, მაგრამ კიდევ უფრო მთავარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ მანიპულაციებს. ეს სჭირდება საქართველოს და ამას იზამს საქართველოს მომავალი ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ივანიშვილს ჩამოვაცილებთ ხელისუფლებიდან", - თქვა ბოკერიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილების თანახმად, ახალი მოსამართლის არჩევა შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღის. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს სხვა მოსამართლის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე ირჩევენ.

კომენტარები