საატესტატო გამოცდები

მიმინოშვილი საატესტატოებზე: არ უმჯობესდება ვითარება, უკმაყოფილო ვართ შედეგებით

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, წლევანდელი საატესტატო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, 2900-მდე მოსწავლე ეროვნულ გამოცდებს სწორედ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის გამო გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილი ამბობს, ყველაზე მეტმა მოსწავლემ ზღვარი უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებში ვერ გადალახა. ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუსახელებია საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა ჯამური რაოდენობა.

„როგორც კი დამთავრდა გამოსაშვები გამოცდები, ის სტატისტიკა, რაც იყო და არის, ჩვენ, შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვთქვით. დღესაც შემიძლია გავიმეორო და აქ დასამალი არაფერი არ არის - უკმაყოფილო ვართ შედეგებით. ის 2 900-მდე მოსწავლე, რომელიც გამოეთიშა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სწორედ იმის გამო, რომ ვერ გადალახა ბარიერი ერთ-ერთ საგანში მაინც, საგანგაშო თუ არა, სრულიად მიუღებელია. 2900 კი არა, ასეთი 20 მოსწავლე რომ გვყავდეს, რომელიც მინიმალურზე მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სავალდებულო საგანში, ესეც იქნებოდა სრულიად არასახარბიელო შედეგი. ასე რომ, აქ დასამალი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, არ უმჯობესდება ვითარება, შედეგების თვალსაზრისით წინა წლებთან შედარებით და იმაზეც ვისაუბრეთ მგონი, რომ გამოიკვეთა 2 საგანი, სადაც შედარებით დიდია იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლდებიც ეროვნული გამოცდების მიღმა დარჩნენ - ესაა უცხო ენა და მათემატიკა",- აღნიშნა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, "წლიდან წლამდე იცვლება ეს მონაცემები, სამწუხაროდ, არ უმჯობესდება, მაგრამ ზოგ წელიწადს უკეთესი შედეგი გვაქვს, ზოგ წელიწადს - უარესი. მაგალითად, 2011 წელს გაცილებით უარესი შედეგი გვქონდა ამ ორ საგანში, ვიდრე წელს".

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდების შესახებ სტატისტიკას ჩაჭრილ მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო არ ასაჯაროებს. ტაბულა დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და სტატისტიკა სთხოვა. სამინისტროში განმარტეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

კომენტარები